რუსეთი წყვეტს საქართველოდან ჯარების გაყვანას

რუსეთის არმიის გენერალმა ალექსადრე ბარანოვმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი შეწყდა ორ ქვეყანას შორის ჯაშუშობის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე.


“წელს დაგეგმილ გაყვანის პროცესზე მუშაობა შეწყვეტილია“, – განუცხადა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურმა ალექსანდრე ბარანოვმა ჟურნალისტებს.


რუსეთმა უკვე შეასრულა 2006 წლის 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება და წელს დაგეგმილი მთელი სამხედრო აღჭურვილობა გაიყვანა. ბათუმის სამხედრო ბაზაზე დარჩენილი სამხედრო ტექნიკა 2007 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა გავიდეს, ხოლო სამხედრო პერსონალმა ახალქალაქის სამხედრო ბაზა 2007 წლის მანძილზე უნდა დატოვოს. რაც შეეხება ამიერკავკასიაში რუსული ჯარების შტაბს, იგი 2008 წლის მანძილზე უნდა დაიხუროს, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს.


რუსეთის არმიის გენერალმა ასევე განაცხადა, რომ “ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების და რუსეთის ღირსების დაცვა“.


ბარანოვმა ასევე აღნიშნა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის დაპატიმრება პროვოკაცია და “ორი ქორის“ – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის – გადაწყვეტილების შედეგი იყო. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version