რუსეთის ელჩი “ჯაშუშობის“ გარშემო ატეხილ სკანდალზე საუბრობს

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართველი სამართალდამცავების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაყალბებულია. მან საქართველოს ხელისუფლებას მათი “დაუყოვნებლივ გათავისუფლება“  და “უსაფუძვლო დაკავებისთვის“ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.


“რუსი სამხედრო ოფიცრების წინააღმდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა საგრძნობლად გააუარესეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, რუსეთი ამ საკითხს უპასუხოდ არ დატოვებს“, – განუცადა მან ჟურნალისტებს 29 სექტემბერს.


მისი თქმით, მან “ვერაფერი ვერ გაიგო“ იმ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიდან, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა საქართველოს წინააღმდეგ ოთხი რუსი ოფიცრის და საქართველოს თერთმეტი მოქალაქის ჯაშუშური საქმიანობის დასამტკიცებლად.


“ძალიან უცნაური მასალაა. ვერაფერი ვერ გავიგე ამ მასალიდან. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მტკიცებულება. ეს გავს დამონტაჟებულ ჩანაწერს, საიდანაც შეუძლებელია რამის გაგება. ამას ჩვენი ადვოკატი გაარკვევს… დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ფაქტები, ან მტკიცებულება ჩვენი ოფიცრების წინააღმდეგ წაყენებული ბრალეულობის დასამტკიცებლად“, – განაცხადა კოვალენკომ.


რუსეთმა 28 სექტემბერს საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია და ასევე თავისი მოქალაქეების “ნაწილობრივი ევაკუაციის“ შესახებ გააკეთა განცხადება.


კოვალენკომ ასევე აღნიშნა, რომ მისი დაბრუნება საქართველოში დამოკიდებული იქნება ქართული მხარის შემდგომ ქმედებებზე.


კითხვაზე, თუ როდის აპირებს ის საქართველოში დაბრუნებას, რუსეთის ელჩმა განაცხადა: “ეს ქართულ მხარეზეა დამოკიდებული… ეს კითხვა [საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო] მერაბიშვილს დაუსვით“.


ელჩის თქმით, მისი მთავარი ამოცანა საქართველოში იყო “თბილისთან მეგობრული ურთიერთობების განვითარება, თუმცა ეს მისია შეუძლებელი ხდება ქართული მხარის ქმედებების გამო“.


“პირველ რიგში, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს რუსი ოფიცრები და ბოდიში უნდა მოიხადოს მათი უსაფუძვლო დაკავების გამო“, – განაცხადა კოვალენკომ.


მან ასევე განაცხადა, რომ 29 სექტემბერს თბილისს რუსეთის საელჩოს დაახლოებით 100 თანამშრომელი დატოვებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version