შსს “აგენტურული ქსელის“ წინააღმდეგ “მტკიცებულების ნაწილს“ აქვეყნებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბერს აუდიო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, “აშკარად ადასტურებს“, რომ 27 სექტემბერს დაპატიმრებული ოთხი რუსი ოფიცერი და საქართველოს თერთმეტი მოქალაქე საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობდნენ.


ვიდეო მასალაში ნაჩვენებია რუსი ოფიცრების შეხვედრა საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც 27 სექტემბერს დააპატიმრეს.


მოპოვებული მასალა ასევე შეიცავს სატელეფონო საუბარს ორ პიროვნებას შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) ოფიცერი კონსტანტინე პიჩუგინი, რომელიც ამჟამად ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნება, ხოლო მეორე არტაშეს ბალოიანი, რუსული დაზვერვის ადგილობრივი აგენტი. ბალოიანი ესაუბრება პიჩუგინს ქართული არმიის საწყობის შესახებ სოფელ თამარისში, რომელიც მარნეულის რაიონში მდებარეობს. საუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აგვისტოს ბოლოს შედგა.


მეორე სატელეფონო საუბრისას, პიროვნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრუ-ს პოლკოვნიკი ალექსანდრე სავაა, ეუბნება მეორეს – ადგილობრივ აგენტს გია კაკაურიძეს მოინახულოს “მიდამოები“ კახეთის რეგიონში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ “მიდამოებში“ იგულისხმება ის ადგილი, სადაც თავდაცვის სამინისტროს ქვეითთა ბრიგადაა განთავსებული.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი ივლისში გაიმართა.


“ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულება ადასტურებს საქართველოში გრუ-ს აგენტურული ქსელის დანაშაულებრივ საქმიანობას. დღეს ჩვენ გადმოგცემთ აუდიო და ვიდეო მასალის ძალიან მცირე ნაწილს, რომელიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ გრუ-ს ოფიცრები პირადად ახორციელებდნენ სადაზვერვო საქმიანობას, პირადად ახორციელებდნენ საიდუმლო მასალის მოპოვებას და ქმნიან ჯაშუშურ ქსელს საქართველოს ტერიტორიაზე… საქართველოს მოქალაქეებს ითრევდნენ ჯაშუშურ საქმიანობაში და ავალებდნენ მათ საიდუმლო მასალების მოპოვებას… დამატებით მტკიცებულებას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.


ეს აუდიო და ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული – www.police.ge


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version