ორ მოქალაქეს “ნაციონალ” აგიტატორებთან უთანხმოების გამო ჯარიმის გადახდა დაეკისრა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეებს გიორგი ოთიაშვილსა და სარქის შაროიანს 15 ოქტომბრამდე 2 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ ამ ადამიანებს შელაპარაკება მოუვიდათ ნაციონალური მოძრაობის აგიტატორებთან, რადგან უარი თქვეს მმართველი პარტიის საარჩევნო ბროშურების მიღებაზე.


ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებებზე ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის მუხლით 23 სექტემბერს აღიძრა საქმე. ბესელიას განცხადებით, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში ამ ადამიანებს შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოთ.


სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის “დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის“ ლიდერებმა.


“ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს სისხლის სამართლის დევნა შეიძლება დააკისრო მხოლოდ იმის გამო, რომ უარი თქვა ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო ბუკლეტის მიღებაზე საკუთარ სახლში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.


დღესვე ამ საქმეზე პოლიტიკური მოტივაციის არსებობა უარყო თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა. 


“მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუ ადგილი ექნებოდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიმართ დანაშაულს, ანალოგიური ღონისძიება  გატარდებოდა და ანალოგიური პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა დამნაშავეთა მიმართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღვინიაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version