“სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
(ISFED), რომლის 3 000 დამკვირვებელი 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციებს თხოვს.


“სამართლიანმა არჩევნებმა“ მონიტორინგის შედეგად დააფიქსირა საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოების,  სამხედრო მოსამსახურეთა რესურსის მიზანმიმართული გამოყენების, წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობის და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან პროცედურული დარღვევების კონკრეტული ფაქტები.


მაგალითად, “თბილისში, ორხევის სამხედრო ნაწილში მომსახურე
ჯარისკაცებს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და განუმარტეს, რომ
ისინი დარჩებოდნენ ნაწილში არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით,
ვინაიდან ესაჭიროებოდათ მათი ხმები და მხოლოდ 5 ოქტომბრის შემდეგ
წავიდოდნენ სახლებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ 22 სექტემბერს ეწურებათ სამსახურის ვადა“, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.


“სამართლიანი არჩევნები“ მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული დარღვევების ფაქტებზეც საუბრობს.


ორგანიზაციის განცხადებით, შეფერხებებია ასევე საარჩევნო სიების კარდაკარ გადამოწმების პროცესში. “ზოგიერთი ოლქი საერთოდ არ აქცევს ამ პროცედურას ყურადღებას“, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version