სააკაშვილი: ბლოკადის მიუხედავად, საქართველო ფეხზე დგება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო აღორძინდება და გაერთიანდება მიუხედავად “მეზობელი ქვეყნიდან” მცდელობებისა ხელი შეუშალონ საქართველოს წარმატებას.


“ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც არის შუქურა თავისუფლებისთვის ბრძოლაში… და ჩვენ შევინარჩუნებთ ამ სტატუსს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ეს განცხადება თბილისის სპორტის სასახლეში პატრიოტთა მეორე ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც მთელი საქართველოდან 12 000 პატრიოტი შეიკრიბა. ახალგაზრდა “პატრიოტებმა” ზაფხული ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა პატრიოტულ ბანაკებში გაატარეს.


საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება პატრიოტულ ბანაკს მომავალი წლის ივნისში ზემო კოდორის ხეობაშიც ჩაუყრის საფუძველს.


მან ზემო კოდორის ხეობას “ზემო აფხაზეთის პირველად გათავისუფლებული ტერიტორია“ უწოდა.


სააკაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვაზე და განაცხადა, რომ ეკონომიკური ემბარგო განახორციელეს მათ, “ვისაც ჰგონია, რომ ქართველები ერთმანეთს დაერევიან ამ ემბარგოს შედეგად“.


“ამ ემბარგოს დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გვყავს არა მარტო მტრები, არამედ ბევრი მეგობარიც“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ “მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოს გვერდით დგას“.


მან ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას “მაზოხისტური“ გადაწყვეტილება უწოდა.


მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “საქართველოს არის წმინდა გიორგი“, რომელმაც შეძლო “ძლიერი ბოროტების“ დამარცხება თავისი “შიდა სულიერი სიძლიერის გამო“.


“ჩვენც იგივეს გავაკეთებთ; ჩვენ გავიმარჯვებთ“, – დასძინა სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება “მამაცი თაობა, რომელსაც არაფრის არ შეეშინდება“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version