საქართველო ევროკავშირს ცხინვალთან მოლაპარაკებებში “გარანტორის“ როლის შესრულებას სთხოვს

საქართველოს სურს ევროკავშირმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში “გარანტორის“ როლი შეასრულოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა საგარეო ურთიერთობების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისართან ბენიტა ფერერო–ვალდნერთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ, იტყობინებოდა რადიო “თავისუფლება“ 14 სექტემბერს.


ბეჟუაშვილი ბრიუსელში 14 სექტემბერს გაემგზავრა, სადაც ამჟამად ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ პირებთან მართავს შეხვედრებს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თბილისს სამხრეთ ოსეთის მხარესთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებები და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს.


როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა ევროკავშირიდან რადიო “თავისუფლებას“ განუცხადა, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესში საქართველოს მოლოდინი ორგანიზაციის როლის თაობაზე “უკიდურესად მაღალია“ და რომ ქვეყანა ევროკავშირის მხარდაჭერის დაკარგვის რისკზე მიდის, თუ ის ღიად დაუპირისპირდება რუსეთს ან ცალმხრივ ნაბიჯებს გადადგამს.


აგვისტოში სლოვენიაში გამართულ კონფერენციაზე საუბრისას ევროკავშირის კომისარმა საგარეო ურთიერთობების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო–ვალდნერმა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, გააკრიტიკა თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდისა და “შემაშფოთებელი რიტორიკის“ გამო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version