ნათელაშვილი თბილისის მერად იყრის კენჭს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ იგი თბილისის მერად იყრის კენჭს ნაძალადევის რაიონიდან.


“მზად ვარ ვიბრძოლო თბილისის მერობისთვის და დედაქალაქიდან გავიტანო სააკაშვილის და მისი ბანდების უწმინდური კაბინეტები“, – განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებას “უძლიერეს დარტყმას“ მიაყენებს 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.


ამდენად, ნათელაშვილი თბილისის მერობის მეხუთე კანდიდატია. ამ პოსტისთვის ბრძოლის სურვილი საჯაროდ უკვე დააფიქსირეს კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა, ოპოზიციური პარტიის  – საქართველოს გზა  – ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ და ამჟამინდელმა მერმა გიგი უგულავამ.


დღევანდელ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი დებატებში გამოიწვია, რაც თეთრი ხელთათმანის გადაგდების ჟესტით გააფორმა.


შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თბილისში ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარულ სიებს სათავეში ჩაუდგებიან გლდანის რაიონში პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა, სამგორში – იოსებ შატბერაშვილი, ჩუღურეთში – პაატა ჯიბლაძე, დიდუბეში – გია ბერძენიძე, ვაკეში – ნესტან კირთაძე, მთაწმინდაზე – ჯონდი ბაღათურია, ისანში – რატი მაისურაძე.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version