საგარეო უწყება შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ევროკავშირსა და ეუთოს წევრ ქვეყნებს მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ხელახალი ესკალაცია და აცხადებს, რომ “კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს“ მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის აუცილებლობა.  


თბილისი შემაშფოთებელს უწოდებს 8 სექტემბერს კონფლიქტის ზონაში მომხდარ შეტაკებას, როცა ოსური ე.წ. მილიციის საგუშაგოდან სროლის შედეგად ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ოსურ მხარეს სამი ადამიანია გარდაცვლილი.


“რეგიონის დემილიტარიზაცია, მთელი ტერიტორიის ინტენსიური მონიტორინგი, როკის გვირაბის კონტროლი და სხვა ქმედითი ღონისძიებები იქნება გარანტია მსგავსი პროვოკაციების არგამეორებებისა და სამშვიდობო პროცესის თანმიმდევრული წარმართვისა“, – აცხადებს 8 სექტემბერს საგარეო უწყება.


სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების და ამასთან, აღნიშნავს, რომ “მომხდარმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ რუს სამშვიდობოებს და მათ ხელმძღვანელობას არ აქვთ არავითარი სურვილი ხელი შეუწყონ სამშვიდობო პროცესს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version