ცხინვალი სამი ადამიანის მსხვერპლს იუწყება

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინიტროს ცნობით, ოსური მილიციის საგუშაგოზე სოფელ ტბეთთან ქართული სამხედრო ფორმირების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილებიც.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ისხდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულ საგუშაგოს მიუახლოვდა ოსურ სოფელ ტბეთსა და ქართულ სოფელ ნიქოზს შორის და ცეცხლი გაუხსნა.  


საპასუხო ცეცხლის შედეგად ორი ქართველი ოფიცერი დაიღუპა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


თუმცა, ქართულმა მხარემ მხოლოდ ერთი ოფიცრის დაღუპვა დაადასტურა. ორი ოფიცერი სიცოცხლისთვის არასახიფათო ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანას, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებას ახორციელებდა, სოფელ ნიქოზის მახლობლად თავს დაესხნენ.


“ეს არის სამხრეთ ოსური და რუსული მხარეების მიერ დადგმული კიდევ ერთი პროვოკაცია. ამგვარ პროვოკაციებს კიდევ უნდა ველოდოთ”, -განუცხადა ქარელმა ჟურნალისტებს.


ამას გარდა, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება 8 სექტემბერს, რომ გორის რაიონის დასახლებულ პუნქტ ახალდაბაში, ტელეანძასთან ახლოს საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ 6 ერთეული “გრადი“ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და ასევე სამხრეთ ოსეთისკენ  დაიძრა კოლონა, რომელშიც შედის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6 ერთეული თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version