დედაქალაქის მერი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ “მოღალატეებს“ აკრიტიკებს

თავის სატელევიზიო მიმართვაში თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს უნდა გახდეს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მოღალატეების მსხვერპლი, როგორც ეს უკვე ერთხელ მოხდა 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკურმა ძალებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს. 


სატელევიზიო გამოსვლა სიმბოლურად საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში შედგა, რომელიც თბილისში მაისში გაიხსნა.


თავის გამოსვლაში უგულავამ გაიხსენა ის ქართველი გმირები, რომლებიც 85 წლის წინ შეეცადნენ  საბჭოთა ოკუპაციისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, ასევე ის “მოღალეტეები“, რომლებიც ბოლშევიკებს ქვეყნის დაპყრობაში დაეხმარნენ. ის ხშირად ახსენებდა უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის იმ მომხრეებსაც, რომლებიც ქართველმა სამართალდამცავებმა 6 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრეს.  


უგულავას გამოსვლა მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობს. იგი მმართველი პარტიის კანდიდატია ამ პოსტზე.


“1921 წელსა და დღევანდელობას შორის უამრავი პარალელია. ისევე როგორც მაშინ, რუსეთი კვლავ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას საქართველოს დამოუკიდებლობა… რუსეთმა იპოვა რამდენიმე ჩვენი თანამემამულე მაშინ და დღესაც, რომლებიც მზად არიან ძირი გამოუთხარონ ჩვენს დამოუკიდებლობას… მე ვგულისხმობ [თემურ] ჟორჟოლიანს [მონარქისტული პარტიის ლიდერს], [ირინა] სარიშვილს [გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს], [ირაკლი] ბათიაშვილს [წინ, საქართველოს] ლიდერს, [ემზარ] კვიციანს და [იგორ] გიორგაძეს“, – განაცხადა უგულავამ.


“მაგრამ არც მაშინ, არც ახლა გამოხატავდა ხალხის ეს მცირე ჯგუფი ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – დასძინა მან.


მან ასევე გაიხსენა 1920 წლის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის, რის შედეგადაც საქართველოში კომუნისტული პარტია დაფუძნდა.


“საქართველოში კომუნისტული პარტიის ლეგალიზებას მოყვა აქ შეიარაღებული ჯგუფების შექმნა და თანდათან ჩვენ დავკარგეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულის შეცდომები გავიმეოროთ“, – განაცხადა უგულავამ.


“როგორც ალ-ქაიდა ვერასდროს შექმნის საქველმოქმედო ფონდს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოშიც ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ იმ პარტიებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ“, – განაცხადა უგულავამ, რომელიც გიორგაძის საქველმოქმედო ფონდს გულისხმობდა. ფონდი ქართველმა სამართალდამცავებმა 6 სექტემბერს გიორგაძის მომხრეთა დაპატიმრებების სერიის შემდეგ დალუქეს.


ამჟამად, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 13 პიროვნებაა დაკავებული. მათ შორის არიან გიორგაძის პარტიის სამართლიანობა ლიდერები და ასევე ამ პარტიასთან ალიანსში მყოფი სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version