რუსი დეპუტატები გმობენ გიორგაძის მომხრეთა დაკავებას

რუსეთის სათათბიროს წამყვანმა დეპუტატებმა დაგმეს 6 სექტემბერს ქართველი სამართალდამცავების მიერ იგორ გიორგაძის მომხრეთა დაკავება და ამ ფაქტს სააკაშვილის ხელისუფლების “რეპრესიები“ უწოდეს.


ანალოგიური შეფასება მისცა რუსულ მედიაში თავად იგორ გიორგაძემ მთელი საქართველოს მასშტაბით მისი პარტიის სამართლიანობა და სატელიტი პარტიების 29 აქტივიტის, მათ შორის კონსერვატორულ-მონარქისტული პარტიის ლიდერის თემურ ჟორჟოლიანის; მოძრაობა ანტი-სოროსის ხელმძღვანელის მაია ნიკოლაიშვილის და გიორგაძის ნათესავის მაია თოფურიას დაკავებას, რომელთაც ქართველი სამართალდამცავები სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების დაგეგმვაში სდებენ ბრალს.  იგორ გიორგაძე კი 1995 წლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება.


რუსეთის სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში “ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა”, იუწყება “ინტერფაქსი”.

“როცა საქართველოში ე.წ ვარდების რევოლუცია მოხდა, ძალით დამკვიდრდა ახალი დემოკრატიის რეჟიმი. ეს [გიორგაძის მომხრეთა დაკავება] ამ რევოლუციის შედეგია”, – განაცხადა გრიზლოვმა.


“საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს ყველაზე ბარბაროსული მეთოდებით უსწორდება… ამ ქვეყანაში დემოკრატიის სუნიც კი არ ტრიალებს… ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები ოკეანის გაღმა ამერიკელი სპეცსამსახურების მიერ არის მხარდაჭერილი“, – იუწყება “ინტერფაქსი“ რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის გენადი ზიუგანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


სათათბიროს დსთ–ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კოკოშინი კი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ “მუდმივად დეკლარირებს დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებაზე“,  მართვის “სტალინურ მეთოდებზე” გადავიდა “ლეგალურ ოპოზიციასთან მიმართებაში“.


რუსეთის სათათბიროს ვიცე–სპიკერი სერგეი ბაბურინი აცხადებს, რომ ოპოზიციური ლიდერების დაჭერები ცუდ შედეგებს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას და “გარკვეულ საფრთხეს უქმნის მეზობელ სახელმწიფოებს“, – იუწყება “ინტერფაქსი“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version