აშშ-ს საელჩო: სენატის დელეგაციის ვერტმფრენისთვის არ უსვრიათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს სრულყოფილმა გამოძიებამ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვერტმფრენს, რომელსაც 28 აგვისტოს აშშ-ს სენატის დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით გადაჰყავდა ჭურვი ესროლეს, იტყობინება 5 სექტემბერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.


“როგორც ჩანს, ჭურვის სამიზნე იყო სხვა ვერტმფრენი, რომელიც თბილისიდან მიფრინავდა დასავლეთ საქართველოში, რათა შეერთებოდა სენატორების ვერტმფრენებს.ფედერალური გამოძიების ბიუროს წარმომადგენლები თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული ინციდენტის გამოძიების დაწყებიდანვე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 სექტემბრის ინფორმაცით,  28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტისა და სტუმრად მყოფი ამერიკელი სენატორების ესკორტის ვერტმფრენს, რომელიც  მიფრინავდა სვანეთის მიმართულებით ჭურვი ესროლეს. 


“ვერტმფრენს ქარელის რაიონის სოფელ ავნევთან ესროლეს აირსაწინააღმდეგო ჭურვი ”სტრელა 2”, რომელიც აფეთქდა ვერტმფრენის სიახლოვეს და ჩამოვარდა მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია შსს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო დასძენს, რომ აფეთქების შემდეგ ჭურვს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მასალები გამოძიებისათვის გადაეცა ამერიკულ მხარეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version