რუსეთი თბილისს ვერტმფრენის გარშემო მომხდარი ინციდენტის გამო ადანაშაულებს

რუსული მხარის წარმომადგენელმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხებში იური პოპოვმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტი ქართული მხარის მიზეზით მოხდა, რადგან ქართული არმიის ვერტმფრენმა „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა დაარღვია“.


პოპოვმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ მას “ფრაგმენტული ინფორმაცია“ აქვს ინციდენტის თაობაზე, “მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ ინციდენტმა სერიოზულად გააუარესა კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება“.


“ქართული მხარის ბრალი იმაშია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცე დაირღვა. არ მინდა კომენტარი გავაკეთო იმ პირების ქმედებაზე, რომელთაც ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ინციდენტის პროვოცირება ქართულმა მხარემ მოახდინა, რადგანაც ვერტმფრენებს არ აქვთ უფლება დაარღვიონ საჰაერო სივრცე კონფლიქტის ზონაში“, – განაცხადა პოპოვმა.


ცოტა ხნის წინ კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონის თავზე განხორციელებული უკანონო ფრენები შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში 2002 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევაა.


იური პოპოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყებას არ გააჩნია ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებებზე, რომ პირველმა ცეცხლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა გახსნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version