კოკოითი ოს სამხედროებს ქართული ვერტმფრენის დაცხრილვისთვის მადლობას უხდის

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დღეს მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ოს სამხედროებს 3 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის დაცხრილვის გამო, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი. 


“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დარღვევა დაუშვებელია. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ქართული მხარე, რათა შეწყვეტილი ყოფილიყო პროვოკაციული ფრენები რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს გაფრთხილება იგნორირებული იყო. შემდგომში გაფრთხილება აღარ იქნება. შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ საზღვრის დაცვის ამოცანას, როგორც ეს არის მიღებული“, – განცხადა ედუარდ კოკოითმა.
 
ამავდროულად, 4 სექტემბერს “ინტერფაქსი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ანატოლი ბარანკევიჩისა და ასევე კონფლიქტის ზონაში მყოფი შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ როგორც სამხრეთ ოსური შეიარაღებული ძალები, ასევე შერეული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარების გამო სამსახურის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version