შსს: პრეზიდენტის ესკორტის ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 სექტემბერს იტყობინება, რომ 28 აგვისტოს პრეზიდენტ სააკაშვილისა და საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკელი სენატორების ესკორტის ვერტმფრენს ჭურვი ესროლეს.


“ვერტმფრენს, რომელიც მიფრინავდა სვანეთის მიმართულებით, ქარელის რაიონის სოფელ ავნევთან ესროლეს აირსაწინააღმდეგო ჭურვი ”სტრელა 2”, რომელიც აფეთქდა ვერტმფრენის სიახლოვეს და ჩამოვარდა მიმდებარე ტერიტორიაზე”, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თან იქვე დასძინა, რომ აფეთქების შემდეგ ჭურვს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მასალები გამოძიებისათვის გადაეცა ამერიკულ მხარეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებამდე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ მის ვერტმფრენს ოსურმა შეიარაღებულმა ბანდ-ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version