მესაზღვრეებმა ფინეთის მოქალაქე დააკავეს

ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ფინეთის მოქალაქე აბუ ბაკერ ჰეიკილა დააკავეს, მას შემდეგ რაც იგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთის  სიახლოევეს ”ადგილმდებარეობის შესწავლას ახორციელებდა” რათა შემდეგ საზღვარი ”უკანონოდ გადაეკვეთა,” იუწყება სასაზღვრო პოლიცია 31 აგვისტოს.


სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფინელი მოქალაქე საქართველოში 25 აგვისტოს ტურისტის სტატუსით შემოვიდა, ხოლო მისი დაკავება 28 აგვისტოს მოხდა.


”წინასწარი ინფორმაციით, აბუ ბაკერ ჰეკილას აღმსარებლობის შეცვლის შემდეგ [სასაზღვრო პოლიციის განცხადებით დაკავებული მუსულმანია] სახელი და გვარი გამოცვლილი აქვს კანონიერად, საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთას კი იგი უკანონოდ აპირებდა. მის ხელბარგში პირად ნივთებთან ერთად ჩრდილო კავკასიის რუქები და სხვა საეჭვო დანიშნულების საგნები აღმოჩნდა. შესაბამისი საგამოძიებო პროცედურების ჩატარების შემდეგ აღნიშნული პირი შსს-ს ანტიტერორისტულ ცენტრს გადაეცა,” – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version