ბოკერია ოპოზიციის პატარკაციშვილთან კონსულტაციებზე საუბობს

საპარლამენტო უმრავლეობის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერთა ერთი ნაწილი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ ლონდონში პოლიტიკური კონსულტაციებს მართავენ გავლენიან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან და მის პარტნიორთან ბორის ბერეზოვსკითან.


22 აგვისტოს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ განაცხადა რომ ამ კონსულტაციების მთავარი საკითხები, ერთის მხრივ, აჩევნებისთვის ოპოზიციის ერთი ნაწილის დაფინანსება და მეორეს მხრივ ოპოზიციის მიერ არჩევნებში პატარკაციშვილის თბილისის მერის პოსტზე ერთიან კანდიდატად შესაძლო დასახელებაა.


გიგა ბოკერიას განცხადებით, პატარკაციშვილთან შეხვედრები უკვე გამართეს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ და პარტიის წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ, ხოლო უახლოეს პერიოდში ლონდონში გამგზავრებას გეგმავს „რესპუბლიკელების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, შემდგომში „კონსერვატორების“ თავმდჯდომარე კობა დავითაშვილი და პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია.
 
ჯერ კიდევ 7 აგვისტოს ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებისას ”ახალი მემარჯვენეები” ცდილობნენ დაერწმუნებინათ სხვა ოპოზიციური პარტიებით მერობის კანდიდატად პატარკაციშვილი დაესახელებინათ.
 
გიგა ბოკერიას განცხადებით „საქართველოსთვის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები არ უნდა წყდებოდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ პატარკაციშვილს და ბერეზოვსკის უშუალო მონაწილეობით“.
 
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ ვითარებასთან დაკავშირებით რამოდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის: პირველი – ამ ტიპის მოლაპარაკებები ჩვენი აზრით არ უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოების ზურგს უკან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე – პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებები არ უნდა ეყრდნობოდეს პირველ რიგში ფინანსურ საკითხებს ანუ ფულზე არ უნდა იყოს ყველაფერი დამოკიდებული… და ბოლოს თუკი ვინმეს სურს ქართულ პოლიტიკაში გავლენის მოპოვება და როგორც ჩანს ბატონი ბადრი [პატარკაციშვილი] ერთ-ერთი მათგანია ამის ერთადერთი წყარო დღევანდელ საქართველოში არის დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხალხის მხარდაჭერის მოპოვება. სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა ბოკერიამ.
 
„ჩვენის მხრივ კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ მომავალი თვითმართველობის არჩევნები ისევე როგორც ყველა მომავალი არჩევნები საქართველოში იქნება დემოკრატიული გამჭირვალე და გამომხატველი ქართველი ხალხის ნებისა, მაგარმ დემოკრატიული კულტურა არ  გულისხმობს მარტო  დემოკრატიულ არჩევნებს… გულისხმობს გამჭირვალეობას ვინ, რატომ და რა მოტივებით შედის ვინმესთან ალიანსში“, – დასძინა ბოკერიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version