შსკ-ს მოსკოვის სხდომა უშედეგოდ დასრულდა

მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება ”საკვანძო საკითხებზე” სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) 51-ე სხდომაზე, რომელიც 17-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა, ნათქვამია შსკ-ის თანათავმჯდომარეთა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


შსკ-ს შემადგენლობაში შედიან ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილო ოსური მხარეების წარმომადგენლები.


”მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები გამოვლინდა სხდომის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებთან მიმართებაში, რომელთა გადალახვაც ვერ მოხერხდა ორდღიანი მუშაობის შედეგად,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, თუმცა დეტალები დაკონკრეტებული არ არის.


გადაწყდა, რომ შსკ-ის 51-ე სხდომის მეორე რაუნდი გაიმართება ვლადიკავკაზში 5-6 სექტემბერს.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, ქართულ-ოსუირი კონფლიქტის მოგვარების საკითხებში მხარეებმა ტაიმ-აუტი აიღეს, იუწყება რია ნოვოსტი 19 აგვისტოს.
 
მერაბ ანთაძის თქმით, უთანხმოება იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა სახელმწიფო მინისტრმა უარი განაცხადა მათ დააკონკრეტებაზე.
 
„მიუხედავად ძალიან სერიოზული მოლაპარაკებებისა ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისიწინებულ საკითხებზე შეთანხმება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერის დასაწყისში გავაგრძელებთ ამ საკითხების განხილვას“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.


18 აგვისტოს რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ ძირითადი წინააღმდეგობა სხდომაზე გამოიწვია, ქართული მხარის წინადადებამ განხილულიყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების ფორმატის შეცვლის საკითხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version