სუამი ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის საკითხს განიხილავს

სუამის წევრი სახელმწიფოების – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა – თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები 17 აგვისტოს თბილისში შეიკრიბნენ, სადაც ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის საკითხს განიხილავენ.


„ჩვენ განვიხილავთ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობას სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის საკითხს“, – განუცხადა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კიკნაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონს გაერო-ს, ეუთო-ს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის მანდატით მიმდინარე სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში ჩართვის და ერთობლივი მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება.


სუამ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის საკითხზე უკვე მეორედ შეიკრიბნენ. პირველი შეხვედრა უკრაინაში, 2006 წლის ივნისში გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version