კვიციანის მხარდამჭერი ჯგუფი აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა

ემზარ კვიციანის 15 შეიარაღებული მხარდამჭერი ზემო კოდორის ხეობიდან აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა, იტყობინება ტელეკომპანია “რუსთავი 2“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით. 


სამართალდამცავებმა კვიციანის მებრძოლთა მიტოვებულ ბანაკს ზემო კოდორის ხეობის ტყეში, აფხაზების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მახლობლად მიაკვლიეს.


“რუსთავი 2“-ის ცნობით, ამ ჯგუფში ასევე იმყოფებოდა ემზარ კვიციანის დისშვილი ბაჩო არღვლიანი.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 100 000 ლარის ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც კვიციანის და არღვლიანის ადგილსამყოფელს შეატყობინებს.


ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამჟამად კვიციანი რუსეთში იმყოფება, თუმცა მოსკოვი ამ ინფორმაციას უარყოფს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version