აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო: კოდორის შეტაკებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს სახელისუფლებო ძალებსა  და კვიციანის მებრძოლებს შორის ზემო კოდორის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება “ინტერფაქსი“.


“ბოლო სროლები სოფელ აჟარის მახლობლად ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე დაფიქსირდა“, – განაცხადა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი პუსტოვალოვმა.


ამავდროულად, ქართული მედია იტყობინება, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ზემო კოდორის ხეობის ტყის მიდამოებში კვიციანის მებრძოლების მიტოვებული ბანაკი იპოვეს, თუმცა ინფორმაცია შეტაკების თაობაზე არ ვრცელდება.


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ დღესვე აფხაზეთის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურის ანატოლი ზაიცევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სიტუაცია ქვემო კოდორის ხეობაში სტაბილურია. მისი თქმით, ქვემო კოდორის ხეობაში გაიხსნა დამატებითი საგუშაგო, რომელიც აფხაზი რეზერვისტებითაა დაკომპლექტებული. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version