მეთიუ ბრაიზა: გალში საერთაშორისო პოლიციაა საჭირო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გალის რაიონში საერთაშორისო პოლიციის ძალების განლაგებაა საჭირო, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ხელისუფლების ბრძოლა გაუმჯობესდეს.


თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ “ჩვენ არ გვითქვამს, რომ ეს [საერთაშორისო პოლიცია] იქნება დსთ-ს სამშვიდობოების ჩანაცვლება, არამედ ეს იქნება დამატებითი საშუალება“.


ბრაიზას ვიზიტს თბილისში, რომელიც  30 ივლისს-1 აგვისტოს შედგა, წინ უძღოდა საქართველოს სახელისუფლებო ძალების კოდორის ხეობაში  გაგზავნა ემზარ კვიციანის და მისი მებრძოლების ამბოხების ჩასახშობად.


“ვფიქრობ, ეს ოპერაცია იმ კრიმინალური ბანდის განადგურებით, რომელიც პრობლემებს უქმნიდა კოდორის ხეობის მოსახლეობას – იქ, სადაც არაფერი კეთდებოდა დანაშაულის აღმოსაფხვრელად, ხაზს უსვამს აფხაზეთში საერთაშორისო პოლიციური შენაერთების ყოფნის მნიშვნელობას. შესაძლოა, არა იმდენად კოდორის ხეობაში, რამდენადაც გალის რაიონში, სადაც მსგავსი პრობლემებია მძიმე კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით. ეს კი ხელს უშლის იძულებით ადგილნაცვალ პირთა შინ დაბრუნებას“, – განაცხადა ბრაიზამ.


მისი თქმით, რუს სამშვიდობო ძალებს, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ–ს ეგიდით არიან განლაგებულნი, განსხვავებული მანდატი აქვთ, რაც არ გულისხმობს დანაშაულთან ბრძოლას.


“ასე რომ, აშკარაა შესაძლებლობების ნაკლებობა უსაფრთხო პირობების შესაქმნელად, რაც იძულებით ადგილნაცვალ პირებს დაბრუნების საშუალებას მისცემდა. მე იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი ვითარება იყო კოდორში. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა აღმოფხვრის უკანონობას და აღადგენს კანონის უზენაესობას. ასეთი რამ გალში არ ხდება“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.


მისი თქმით, გაერო რამდენიმე კვირაში აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ვითარების ადგილზე შესწავლის სპეციალურ მისიას გააგზავნის, რომელიც დაადგენს, თუ რა არის საჭირო იქ საერთაშორისო პოლიციის ძალების განსათავსებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version