გივი თარგამაძე: წესრიგი კოდორში მალე აღდგება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ წესრიგი კოდორის ხეობაში “მალე და ეფექტურად“ აღდგება. 


“ყველა დაინახავს, რომ საუბრები ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების სიძლიერის შესახებ მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის“, – განუცხადა თარგამაძემ “რუსთავი 2“-ს 25 ივლისს.


ხელისუფლების განცხადებით, კოდორის ხეობაში “პოლიციის ოპერაცია“ მიმდინარეობს გასამხედროებული ჯგუფის “მონადირის“ წინააღმდეგ. ჯგუფს კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობს.  


თარგამაძის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ გამორიცხა, რომ პოლიციის ოპერაცია “ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში“ გადაიზრდება.


ოფიციალურმა პირებმა ოპერაციის დეტალებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version