ბეჟუაშვილი რაიმე სახის სამხედრო ოპერაციას გამორიცხავს

საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა კატეგორიულად გამორიცხა რაიმე სახის სამხედრო ოპერაცია კოდორის ხეობასა და ასევე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში და განაცხადა, რომ ამჟამად კოდორის მისადგომებთან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები იმყოფებიან.


ბეჟუაშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფება, თუმცა დანამდვილებით განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხეობაშია ჩასული.


“ამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მე მინდა კატეგორიულად გამოვრიცხო რაიმე სახის ან ფორმის სამხედრო ოპერაცია[კოდორის ხეობაში]… კეტეგორიულად მინდა გამოვრიცხო ასევე ნებისმიერი მოქმედებები ე.წ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.


მან ასევე უარყო “ყველა“ ინფორმაცია, “თითქოსდა“ ვითარება იძაბება კონფლიქტის ზონაში და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება  მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულ ინფორმაციას აწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას და კონსულტაციებს მართავს პარტნიორ ქვეყნებთან.

გელა ბეჟუაშვილმა მოუწოდა ემზარ კვიციანსა და მისი შეიარაღებული დაჯგუფების “მონადირის“ წევრებს, რომელთაც ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს, დაყარონ იარაღი და დაემორჩილონ კანონს.


“ბუნებრივია ხელისუფლება ვერ შეეგუება ქაოსს, უკანონობას და საჭირო შემთხვევაში გამოიყენებს, რისი უფლებაც მას აქვს, პოლიციის ქვედანაყოფებს წესრიგის აღდგენის მიზნით“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოდორის მისადგომებთან არ იმყოფებიან თავდაცვის სამინიტროს ქვედანაყოფები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version