პარლამენტმა 2006 წლის გაზრდილი ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 2006 წლის ბიუჯეტის 323 მლნ ლარით გაზრდას, საიდანაც 212 მლნ ლარი თავდაცვის ხარჯებს მოხმარდება.


“თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა იმიტომ კი არ ხდება, რომ საქართველო მილიტარიზაციის გზას ადგას, არამედ იმიტომ, რომ თავდაცვის სისტემას ფაქტიურად თავიდან ვაშენებთ“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. 


ბიუჯეტში ცვლილებები, რომელმაც ივნისის შუა რიცხვებში პარლამენტში წარდგენიდან მნიშვნელოვანი კორექტივები განიცადა,  ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა წარუდგინა დღეს დეპუტატებს.  თავდაპირველი პროექტი ბიუჯეტის 77 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებდა. 


თუმცა ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 323 მილიონიანი ზრდა  მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატებამ განაპირობა. მისი თქმით, მშპ წლის ბოლოსთვის ორციფრა მაჩვენებელს მიაღწევს.


საგადასახადო შემოსავლებიდან 190 მლნ ლარით და არასაგადასახადო შემოსავლებიდან 133,8 მლნ ლარით გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგ მიმართულებებზე დაიხარჯება: თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  – 44,5 მილიონი ლარი; რეგიონები – 9,5 მლნ ლარი (ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის); ჯანდაცვის სამინისტრო – 25,1 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 9,9 მილიონ ლარი (აქედან 1,6 მილიონ ლარი სასაზღვრო პოლიციისთვის); განათლების სამინისტრო – 7,5 მლნ ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისია  – 7,8 მილიონ ლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის); ეკონომიკის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი – 3 მილიონ ლარი; პარლამენტი –  580 ათასი ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version