ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 22 ივლისს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების შეხვდა.


საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს სამოქმედო გეგმის შესათანხმებელი მოლაპარაკებების აქტუალური მდგომარეობა, იმსჯელეს საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ამ პროცესში ევროკავშირის როლის შესაძლო გაძლიერების პერსპექტივაზე.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი ტორბენ ჰოლცე და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პატრისია ჰილდეგარდ ფლორი (გერმანია არის ევროკავშირის შემდგომი თავმჯდომარე ქვეყანა).


“ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის მზადყოფნას ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და აქტიურად ითანამშრომლოს ამ მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესებში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


20 ივლისს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ ფინეთმა ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში “ღრმა შეშფოთება“ გამოხატა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო.


ევროკავშირი, ერთის მხრივ, აღნიშნავს “სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული მოლაპარაკებთა და სამშვიდობო ფორმატების ეფექტურობის გაზრდის საჭიროებას“, მაგრამ მეორეს მხრივ, მოუწოდებს მხარეებს “სრულად გამოიყენონ მოლაპარაკებათა არსებული მექანიზმები“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version