ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბულობით

ევროკავშირი “ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში , რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი ევროკავშირის სახელით 20 ივლისს ავრცელებს.


ევროკავშირი, ერთის მხრივ, აღნიშნავს “სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული მოლაპარაკებთა და სამშვიდობო ფორმატების ეფექტურობის გაზრდის საჭიროებას“, მაგრამ მეორეს მხრივ, მოუწოდებს მხარეებს “სრულად გამოიყენონ მოლაპარაკებათა არსებული მექანიზმები“.


“აღნიშნავს რა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის კონფლიქტების მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ოპერაციების ეფექტურობის გაზრდის საჭიროებას, ევროკავშირი არსებული მექანიზმების ფარგლებში ეპატიჟება ყველა მხარეს დიალოგის დასაწყებად, რათა სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობები გამოიძებნოს“, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს მიიღო დადგენილება, რომელშიც ავალებს მთავრობას დაიწყოს აუცილებელი პროცედურები კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გასაყვანად.


ევროკავშირი ასევე შეშფოთებას გამოხატავს რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო გამშვები პუნქტის  –ზემო ლარსის –  ჩაკეტვის გამო.


განცხადებაში ევროკავშირი ასევე მიესალმება გაეროს გაცნობითი ხასიათის მისიის გაგზავნის გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს “აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალების შესაძლო განლაგებას რაც შეიძლება სწრაფად“.


“ევროკავშირი გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას. ასევე ვახსენებთ მხარეებს, რომ დაკავებები, ძალადობა და მუქარა ეუთოს დამკვირვებლების, დიპლომატიური პერსონალის და იმ პირების მიმართ, რომლებიც ასრულებენ სამშვიდობო ოპერაციებთან და კონფლიქტის მოგვარების მცდელობებთან დაკავშირებულ შეთანხმებულ ფუნქციებს, მიუღებელია“, – განაცხადა ევროკავშირმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version