თავდაცვის მინისტრი რუსული ჯარის წვრთნებზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 20 ივლისს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის მიმდინარე სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავს “ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენას საქართველოს ხელისუფლებაზე“.


“მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავინ ამას, ჩვენთან ხელისუფლებაში, სერიოზულად არ აღიქვამს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქშოუში “თავისუფალი თემა”.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 20 ივლისს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე წვრთნების ერთ-ერთი მიზანია რუსი სამშვიდობოებისთვის საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა.


“არავის არ სჯერა იმ თეორიის, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის შეიარაღებულ ძალებს, რომელთაც წვრთნების დროს იყენებს, ოდესმე შემოიყვანს საქართველოში. ამის მცდელობაც რომ იყოს, ეს იქნება კატასტროფის ტოლფასი უშუალოდ მათთვის [რუსული ჯარებისთვის]“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო “იმყოფება პროპაგანდისტულ ომში“ რუსეთთან.


“რუსეთი არ არის დღეს იმ სიტუაციაში, როდესაც საერთაშორისო არენაზე მას შეუძლია ადვილად მოგვიგოს ჩვენ“, – დასძინა ოქრუაშვილმა. 
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version