რუსული რეაქცია სამშვიდობოების შესახებ დადგენილებაზე

რუსეთმა მკაცრად დაგმო საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის დადგენილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე. ქვემოთ მოცემულია რუსული მედიით გავრცელებული რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით:


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი


“ჩვენ ყველა საშუალებით დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს და სამშვიდობოებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში. ამრიგად, არავის არ ვურჩევ, რომ ჩვენი მოქალაქეების და სამშვიდობოების სიცოცხლე და ღირსება ხელყოს“.
 
“ბოლო დროს საქართველო საბოტაჟს მიმართავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების მექანიზმებთან დაკავშირებით. თბილისი საბოტაჟს მიმართავს იმ შეთანხმებებთან მიმართებაში, რომლებშიც საქართველო თავად მონაწილეობს. [ქართული მხარე] უარს აცხადებს ხელი მოაწეროს ეუთოს მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებებს ცხინვალთან და სოხუმთან საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ. [თბილისი] ასევე უარს აცხადებს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების განახლებაზე, თუმცა გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მიერ წარმოდგენილი პროცედურები დიდი ხანია ცნობილია და მზად არის. დაძაბულობის ზრდა სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს. გარდა ორი ინციდენტისა, რომლის დროსაც ჩვენი საელჩოს მანქანა იქნა დაკავებული ჩვენი დიპლომატებით, რუსი სამშვიდობო დაშავდა ნაღმის აფეთქების შედეგად. საქართველოს მხრიდან ნაღმები იქ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. უამრავი საეჭვო ფაქტი არსებობს, რომ სამხრეთ ოსეთში ძალისმიერი ქმედებები მზადდება“.


თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი

“დოკუმენტს ვერ ექნება რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგანაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის დასაწყებად კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის თანხმობაა საჭირო“.  


სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი


“ქართული მხარის მოწოდებები მშვიდობიანი მოგვარების ინფრასტრუქტურის მოშლისა და კონფლიქტების დადნობის თაობაზე ნეგატიურ შედეგებს მოუტანს კონფლიქტის მხარეებს… ისინი ვინც ამბობს, რომ პრობლემა რუს სამშვიდობოებშია, უკეთეს შემთხვევაში ღრმად ცდება. კონფლიქტი რუს სამშვიდობოებს არ დაუწყიათ. სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილებებმა გააჩაღა თავის დროზე როგორც აფხაზური, ისე სამხრეთ ოსური კონფლიქტები“.


მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი


“მე ცუდი პოლიტიკოსი ვარ, მე მენეჯერი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე გადაწყვეტილება სავალდებულო ხდება, თუ ამაზე კონფლიქტის ყველა მხარე თანახმაა. მოთხოვნის განხორციელება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ორივე მხარე განაცხადებს კონფლიქტის დასრულების თაობაზე და მოითხოვენ სამშვიდობოების გაყვანას. მაგრამ თუ მხოლოდ ერთი მხარე იტყვის “წადით“, ამგვარი გადაწყვეტილება ვერ განხორციელდება“.


ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი რამზან კადიროვი


“ასეთი გადაწყვეტილებები ნახევარ საათში მიიღება, მაგრამ მათი შედეგები წლები გრძელდება. ზუსტად რუსეთი წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს და ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორს ამ რეგიონში და ამ მექანიზმის ლიკვიდაცია გზას გაუხსნის დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციას და დესტაბილიზაციას მთლიანად კავკასიის რეგიონში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version