ივანოვი: სამხედრო წვრთნები საჭიროების შემთხვევაში სამშვიდობოებს დაეხმარება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 20 ივლისს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე რუსული სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავს რუსი სამშვიდობოებისთვის დახმარების აღმოჩენას საჭიროების შემთხვევაში, იტყობინება “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“.


ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში დაძაბულობის გამწვავების ალბათობა “საკმაოდ მაღალია“.


ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს გეგმა, თუ როგორ მოაგვაროს “დაძაბულობის შესაძლო გამწვავებასთან დაკავშირებული“ პრობლემები და იქვე დასძინა, რომ ამჟამად მიმდინარე წვრთნები კოდური სახელით – “კავკასიის საზღვარი“ სწორედ ამ გეგმის ნაწილია.    


მან დაგმო საქართველოს პარლამენტის 18 ივლისის დადგენილება რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ, თუმცა განაცხადა, რომ “დოკუმენტს ვერ ექნება რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა“, რადგანაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის დასაწყებად კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის თანხმობაა საჭირო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version