ბეჟუაშვილი სამშვიდობოების შესახებ დადგენილებაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 19 ივლისს განაცხადა, რომ იმ შეთანხმებებიდან გამოსვლა, რომელთა საფუძველზეც რუსი სამშვიდობოები კონფლიქტების ზონებში არიან განლაგებული, “რთული პროცესია“, თუმცა ეს სავსებით შესაძლებელია.


“საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამოსვლის პროცესი საკმაოდ რთულია, შეიძლება იდავო ამაზე, თუმცა თუ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს, თუ როგორ შეიძლება გამოხვიდე ამ შეთანხმებებიდან“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, საბოლოო სიტყვა რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის.


მიხეილ სააკაშვილმა 18 ივლისს ცოტა ხნის მერე, რაც პარლამენტმა დადგენილებას კენჭი უყარა, განაცხადა, რომ მისი პუტინთან შეხვედრაზეა დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება რუს სამშვიდობოებთან მიმართებაში მიიღებს. სააკაშვილი–პუტინის ორმხრივი შეხვედრა მოსკოვში დსთ–ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში ამ კვირაში იგეგმება.


“ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის განხილვას ამ შეხვედრაზე… ჩვენ მივდივართ [მოსკოვში] კონკრეტული წინადადებით როგორ დავძრათ კონფლიქტის დადნობის პროცესი … ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


ბეჟუაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმ იურიდიულ და ტექნიკურ პროცედურებზე, რომელთა განხორციელებაც საჭიროა პარლამენტის 18 ივლისის დადგენილების განხორციელების მიზნით.


პარლამენტმა ასევე დაავალა მთავრობას უზრუნველყოს კონფლიქტების ზონებში  საეთაშორისო პოლიციური ძალების განთავსება.


“მთავარი პრობლემა ამ კუთხით არის, თუ ვისი ეგიდით განხორციელდება სამშვიდობო ოპერაციები“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ რუსეთს გადამწყვეტი ხმა აქვს როგორც გაეროში, ისე ეუთოში.


რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთში შერეული სამშვიდობო ძალების ნაწილს წარმოადგენენ, სადაც ასევე შედიან ქართული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები. შერეული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში 1992 წლის 24 ივლისის შეთანხმების თანახმად განთავსდა. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ შეთანხმებას სოჭში მოაწერეს ხელი.


რუსი სამშვიდობოები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით 1994 წლის 14 მაისს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად განლაგდნენ.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 19 ივლისს განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ იმ შეთანხმებების არც ერთ დებულებას, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციების იურდიულ საფუძველს წარმოადგენენ. მისი თქმით, ეს უნდა გახდეს მიზეზი ამ შეთანხმებებიდან გამოსვლისა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version