სერგეი შამბა სამშვიდობოებზე კომენტარს აკეთებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 17 ივლისს “აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ კონფლიქტის მონაწილე თითოეულ მხარეს აქვს უფლება დააყენოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა მიიღონ.


საქართველოს პარლამენტმა დღეს ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც პარლამენტი ავალებს მთავრობას დაიწყოს აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისათვის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის. 


სერგეი შამბამ განაცხადა, რომ არსებული სამშვიდობო ოპერაცია არის ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი. 


“ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის ამოღება, როგორიცაა სამშვიდობო ძალები, ავტომატურად გამოიწვევს სხვა ცვლილებებსაც. კერძოდ, სამშვიდობოებთან დაკავშირებული საკითხი პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოების საკითხთან“, – განაცხადა შამბამ, თან იქვე დასძინა, რომ აფხაზურმა მხარემ შესაძლოა შეწყვიტოს მოლაპარაკებები ქართველ დევნილთა დაბრუნების თაობაზე, თუ სამშვიდობოები კონფლიქტის ზონას დატოვებენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version