UNICEF-ი შეშფოთებულია მოზარდის 10 წლით დაპატიმრების გამო

18 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა შეშფოთება გამოხატა 14 წლის არასრულწლოვანი მოზარდის გიორგი ზერეკიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის მცდელობის მოტივით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


UNICEF-მა მოუწოდა საქართველოს შეასრულოს აღებული ვალდებულებები და უზრუნველყოს არასრულწლოვანთა სამართლის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელება ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესაბამისად, რომელიც საქართველომ 1994 წელს მიიღო.


“სამწუხაროდ, საქართველოში არასრულწლოვანთათვის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულია არა როგორც უკიდურესი ზომა, არამედ გამოიყენება მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაშიც და საკმაოდ გავრცელებულია, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს… UNICEF ასევე შეშფოთებულია წინასწარი პატიმრობის შეფარდების მზარდი შემთხვევების გამო, რაც ასევე ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა სამართლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების პრინციპებსა და სულისკვეთებას“, – განაცხადა UNICEF-მა.


გიორგი ზერეკიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა მსუბუქად დაჭრა 23 წლის პიროვნება, თუმცა უარყოფს, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა. მსჯავრდებულის ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version