ეუთოს თავმჯდომარე გმობს რუსი მაღალჩინოსნების დაკავებას

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა დაგმო საქართველოს სამხედრო პოლიციის მიერ რუსეთის ოფიციალური პირების დაკავებასთან დაკავშირებული ინციდენტი და სინანული გამოხატა თბილისში 17 ივლისს დაგეგმილი შერეული საკონტროლი კომისიის სხდომის გადადების გამო, იტყობინება ეუთოს პრესსამსახური 17 ივლისს.


“სამწუხაროა, რომ არ იქნა გამოყენებული კონსტრუქციული დიალოგის განახლების შესაძლებლობა, განსაკუთრებით გამწვავებული დაძაბულობის დროს. აუცილებელია, რომ ყველა მხარემ გამოიყენონ უახლოესი შესაძლებლობა, რათა ერთობლივად მოაგვარონ არსებული საკითხები“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა.


მან ასევე შეშფოთება გამოხატა 14 და 15 ივლისს მომხდარი ინციდენტების გამო, როდესაც საქართველოს სამხედრო პოლიციამ გორის მახლობლად დააკავა და გაჩხრიკა შსკ-ში რუსეთის მხარის წარმომადგენელი იურო პოპოვი, რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე  ვალერი ევნევიჩი და საქართველოში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი.


“ამ გზით დიპლომატების დაკავება დიპლომატიურ მანქანაში, საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომატიური პრაქტიკის დარღვევაა. იმედი მაქვს, რომ ასეთი უჩვეულო ინციდენტები აღარ განმეორდება“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.


ამ ინციდენტების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თბილისში დაგეგმილი შსკ-ს სხდომა ჩაიშალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version