საქართველოს სამხედრო პოლიციამ რუსი დიპლომატები ცხინვალთან შეაჩერა

საქართველოს სამხედრო პოლიციის 20–მდე წარმომადგენელმა დღეს გორთან ახლოს შეაჩერა საქართველოში რუსეთის საელჩოს კუთვნილი მანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდნენ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე რუსეთის მხრიდან იური პოპოვი და რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე ვალერი ევნევიჩი, იუწყებიან რუსული სააგენტოები.


“რუსეთის საელჩოს მანქანა, რომლითაც მე და ასევე რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე ვალერი ევნევიჩი და საელჩოს სხვა თანამშრომლები ცხინვალში მივდიოდით სამშვიდობო კონტიგენტის 14 წლის იუბილის აღსანიშნავად, იქნა ბლოკირებული საქართველოს სამხედრო პოლიციის 20 თანამშრომლის მიერ“, – განუცხადა პოპოვმა ტელეფონით “რია ნოვოსტის“.


ვალერი ევნევიჩმა კი ასევე “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ქართველი ოფიცრები “გამომწვევად იქცევიან და დაჟინებით გვირჩევენ დავბრუნდეთ თბილისში”.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დაადასტურა რუსეთი წარმომადგენელთა “გაჩერების” ფაქტი.

“საუბარია იმაზე, რომ იქ იყო შეთანხმება სამხედროებს შორის, რომ ორი კვირით ადრე მათ უნდა ეცნობებინათ [ქართული მხარისათვის], რომ ეს პირები გადაადგილდებიან კონფლიქტის ზონაში, რაც გაკეთებული არ იყო”, – განაცხადა 14 ივლისს გელა ბეჟუაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა “ყველას” თავის შეიკავონ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გადაადგილებისაგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version