სააკაშვილი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის ამ პროექტის “ისტორიულ“ მნიშვნელობაზე და თურქეთსა და აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.

ჯეიჰანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს, ასევე გამოვიდნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ახმედ ნეჯედ სეზერი და ილჰამ ალიევი, ასევე აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვები.


“ჩვენთვის ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი ბევრად მეტია, ვიდრე  ეკონომიკური ან თუნდაც მხოლოდ პოლიტიკური ენერგეტიკული პროექტი. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის წინაპირობა ჩვენი ქვეყნების თავისუფლების, დამოუკიდებლობის და მომავალი წარმატებებისთვის მყარი საფუძვლის ჩაყრის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ნავთობსადენი, ბაქო–თბილისი ერზერუმის გაზსადენთან ერთად, რომელიც საქართველოსთვის “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, ნიშნავს “ერთი ტიპის ურთიერთობების ეპოქის დამთავრებას და სრულიად სხვა ურთიერთობებში გადაყვანას ჩვენი რეგიონის პოლიტიკური მდგომარეობის“.


პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ის დიდი წვლილი, რაც ნავთობსადენის მშენებლობას, განსაკუთრებით კი 2003 წლამდე შეჰქონდა ქართულ ეკონომიკაში. 


თუმცა პრეზიდენტის თქმით, “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, მათ შორის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ეფექტური მართვა და კორუფციის შემცირება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება.


სააკაშვილმა თავის გამოსვლაში თურქეთს “უმთავრესი პარტნიორი“ უწოდა, რომელიც ცოტა ხანში “ნომერ პირველი ინვესტორი“ გახდება. სააკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა თურქეთთან უვიზო მიმოსვლისა და საზღვრების გამჭვირვალობის მნიშვნელობა იქ, “სადაც გადიოდა ნატოსა და საბჭოთა კავშირის საზღვარი“.


პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველო–აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე, რომელსაც “შეიძლება გარკვეული ძალები ხელს უშლიდნენ“.


მიხეილ სააკაშვილმა ნავთობსადენისა და გაზსადენის მნიშვნელობის რანგში მოიხსენია ასევე ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით დააკავშირებს თურქეთსა და აზერბაიჯანს. 


“ყარსი–ახალქალაქის რკინიგზა ნიშნავს ჯავახეთის რეგიონში ასობით და ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და სრულიად ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version