ლავროვი იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთში შესაძლო პროვოკაციაზე საუბრები უსაფუძვლოა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრები უსაფუძვლოა.


“რადგანაც სხვა შემთხვევაში ეს იქნება სისხლისღვრის განახლების ნიშანი“, – იუწყება 13 ივლისს “რია ნოვოსტი“ სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


12 ივლისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურის უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ საქართველო რამდენიმე დღეში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამხედრო პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, რისი საფუძველიც ქართული მხარის მიერ 15-20 ეთნიკური ქართველის დაგეგმილი მკვლელობა გახდება.


“ჩვენ პირველად არ აღვნიშნავთ, რომ ქართული მხარე შეიძლება გარკვეულ ძალისმიერ აქციებს ამზადებდეს. ეს არის სამხედრო ბაზის მშენებლობა კონფლიქტის რეგიონთან ძალიან ახლოს. ესაა ასევე კოლექტიური ძალების შემადგენლობაში ქართული კონტიგენტის ძალიან ხშირი როტაცია არსებული შეთანხმებების გვერდის ავლით. ზოგიერთი ეჭვობს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება ბევრმა სამხედრომ კარგად შეისწავლოს კონფლიქტის ზონა“, – განაცხადა ლავროვმა.


მისი თქმით, რუსული მხარე ხშირად საუბრობს ამ ყველაფერზე საქართველოს ხელმძღვანელობასთან.


“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სიგნალები სწორად იქნება შეფასებული“, – დასძენს ლავროვი. 

დღესვე სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქართული მხარე პროვოკაციებს გეგმავს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველების, არამედ უცხოელების, კერძოდ კი ეუთოს თანამშრომლების წინააღმდეგაც. ამის გამო თვითგამოცხადებულ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version