ოპოზიცია ბურჯანაძეს წერილით მიმართავს

დღეს საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრაქციებმა ახალმა მემარჯვენეებმა, დემოკრატიულმა ფრონტმა და მრეწველებმა წერილით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, სადაც ხელისუფლებას სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე “მკაფიო რეაგირებას” თხოვენ.


დღის წესრიგით გათვალისწინებულია, რომ სახალხო დამცველმა ანგარიში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს უნდა წარადგინოს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებმა ამ ანგარიშის მოსმენის გადადების გადაწყვეტილება უკვე მესამედ მიიღონ.


სუბარის ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა იმ გახმაურებულ ფაქტს, რომელსაც 2005 წლის მეორე ნახევარსა და ამ წლის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, მათ შორის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, 27 მარტს თბილისის მე–5 საპყრობილების მომხდარი ბუნტის და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების სხვა ფაქტებს.


პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში ოპოზიცია მხარს უჭერს სუბარის “კრიტიკულ“ შეფასებებს და კიდევ ერთხელ მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას და იმ მაღალჩინოსანთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც შესაძლოა გირგვლიანის მკვლელობა დაუკვეთეს; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაის დასჯას; ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსს აღადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version