პარლამენტი აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვს

საქართველოს პარლამენტი აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე დადგენილებას მიიღებს, განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 13 ივლისს. 


მისი თქმით, დადგენილება, რომელიც ამჟამად მზადების პროცესშია, “რადიკალური“ ხასიათის იქნება.


გაბაშვილის ინფორმაციით, ჯერ–ჯერობით სამშვიდობოებზე დადგენილების მიღების თარიღი დაზუსტებული არ არის და დადგინდება მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ნიუ–იორკიდან თბილისში ჩამოვა.


11 ივლისს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლაში ნინო ბურჯანაძემ კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები მწვავედ გააკრიტიკა და არსებული მონოპოლიზებული სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია გაეროს საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლების გზით მოითხოვა.


“საქართველოს საკანონმდებლო ორგანო აპირებს უახლოეს მომავალში მიიღოს სპეციალური დადგენილება აფხაზეთის შესახებ, რომლის მიზანი იქნება სამშვიდობო ძალების არსებული მანდატის გადახედვა. მაგრამ მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ადეკვატურ და პოზიტიურ რეაგირებას მოახდენს სამშვიდობო ოპერაციაში მიღწეულ ნებისმიერ პროგრესზე. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის და გვსურს,  ვიხილოთ რუსეთის და უშიშროების საბჭოს პოზიტიური როლი“, – განაცხადა ბურჯანაძემ უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას.


“დღეს საღამოს ჩვენ [პარლამენტარები] გავმართავთ კონსულტაციებს ქალბატონ ბურჯანაძესთან და გადავწყვეტთ დადგენილების განხილვის ზუსტ დროს, რომელიც შეიძლება შედგეს ან ამ კვირაში მიმდინარე რიგგარეშე სესიაზე ან 17 ივლისს იმის მიხედვით, თუ როგორ მოესწრება დადგენილების პროექტის საბოლოო ვერსიის მომზადება“, – განაცხადა კოტე გაბაშვილმა 13 ივლისს.


მისი განცხადებით, როგორც კი პარლამენტი მიიღებს დადგენილებას, რუს სამშვიდობოებს მანდატი “პოლიტიკურად შეუწყდებათ“. 


“ჩვენ მთავრობის ინფორმაციას სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დამატებით აღარ მოვისმენთ, რადგან მათი უარყოფითი შეფასება არაერთხელ მოვისმინეთ და ასევე განვიხილეთ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საგზაო რუკაც. ამდენად, პირდაპირ მოვითხოვთ მათ გაყვანას და შემდგომ ჩვენი გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურებზე მთავრობა იზრუნებს“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ კოტე გაბაშვილმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ივლისს განაცხადა, რომ “სამშვიდობო ძალების უკან საქართველოს ტერიტორიის ინტენსიური ანექსია მიმდინარეობს“.


“ამავე დროს ახლოვდება სამშვიდობოებზე გადაწყვეტილებები, ჩვენ ველით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


გასული წლის ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო დადგენილება , რომლის მიხედვითაც საქართველო 15 ივლისიდან მოითხოვს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას, თუ მათი საქმიანობა უარყოფითად შეფასდება.


ოქტომბრის დადგენილება ასევე ითვალისწინებდა ანალოგიურ დებულებას სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. შედეგად, თებერვალში პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოთა გაყვანას ითვალისწინებს. თუმცა დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე ვადებს მთავრობის მიერ პარლამენტის დავალებების შესასრულებლად.


რუსეთის საგარეო უწყებამ 12 ივლისს განაცხადა, რომ აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა სამშვიდობო პროცესს საფრთხეს შეუქმნის.


თავის განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა გაეროს უშიშროების საბჭოს 31 მარტის რეზოლუცია გაიხსენა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ როლს თამაშობენ კონფლიქტის ზონაში.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 27 ივნისს განაცხადა, რომ “ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი სამშვიდობო მისიების შესრულებას, მიუხედავად იმ ღია პროვოკაციებისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“.


“საქართველოს ის ძალები უნდა სამშვიდობოებად [კონფლიქტის ზონაში], რომლებიც თბილისის პოლიტიკას დაუჭერენ მხარს… ისინი რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ არიან, რადგანაც რუსები მიუკერძოებლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას სიტყვებზე დაყრდნობით 12 ივლისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version