საქართველოს საგარეო უწყება ზემო ლარსის დახურვაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვის თაობაზე როკის გვირაბის გავლით კონტრაბანდული იარაღისა და ტვირთების შემოტანის ლეგალიზების მცდელობაა. 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ივლისს განაცხადა, რომ ზემო ლარსის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება განპირობებული იყო სასაზღვრო-განშვები პუნქტის მოდერნიზების საჭიროებით, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის ტერიტორიაზე კონტრაბანდის და დაქირავებული მებრძოლების შემოსვლა. რუსეთის მხარემ ასევე მოუწოდა ქართულ მხარეს “დაბრკოლებები არ შექმნას“  რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას სხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების, კერძოდ როკის გვირაბის მეშვეობით. 


“ქართულმა მხარემ ჰუმანიტარული მოსაზრებებით მხოლოდ 14 ივლისამდე დართო რუსეთიდან ცხინვალის მიმართულებით მომავალ მოქალაქეებს, მათ შორის, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე გავლის უფლება. ეს არის დროებითი ღონისძიება და არავის არ უნდა დარჩეს იმის ილუზია, რომ შექმნილი ვითარების გამო ან სხვა რაიმე საბაბით მოხდება არალეგიტიმური საკონტროლო გამშვები პუნქტის “როკი – ქვემო ზარამაგი” ლეგალიზაცია“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ქართული მხარე ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად უამრავი მოთხოვნისა, რუსულ მხარეს ჯერ კიდევ არ უცნობებია თბილისისთვის, თუ როდის გაიხსნება ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version