ხაინდრავა ცხინვალში მომხდარ აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 9 ივლისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მკვლელობის უკან შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.


ოლეგ ალბოროვი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ცხინვალში მისი ავტოფარეხის კარებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოვიდა.


ხაინდრავას თქმით, ალბოროვი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის იმ ოფიციალურ პირებს შორის იყო, “რომლებიც კარგად იყვნენ განწყობილი ქართული მხარის მიმართ“.


მისი თქმით, ალბოროვი სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის პოტენციური მეტოქე იყო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ნოემბერში იგეგმება.


“ასე რომ, რუსულმა სპეცსამსახურმა ის მოიცილა“, – განაცხადა ხაინდრავამ.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ ალბოროვის მკვლელობა “პოლიტიკური ტერორის“ დემონსტრირება იყო.


“ეს იყო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლის შედეგი“, – განაცხადა არველაძემ.


ალბოროვის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ სამხრეთ ოსეთის მხარემ მომხდარში თბილისი დაადანაშაულა. თვითგამოცხადებული რეგიონის ვიცე-პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ალბაროვის მკვლელობა ქართული მხარის “დესტაბილიზაციის გეგმის” ნაწილია, რომელიც კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version