აფხაზი პოლიტიკოსები რკინიგზის საკითხზე ვერ თანხმდებიან

“აფსნიპრესის“ ცნობით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ წინადადებებს განიხილავს და მზად არის თავისი წვლილიც შეიტანოს, თუ პროექტი სოხუმის ინტერესებს დაემთხვევა, ნათქვამია დე ფაქტო მთავრობის მიერ 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.


განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა, რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას და ცხრა საზოგადოებრივ მოძრაობას აერთიანებს, 30 ივნისს განაცხადა, რომ შეთანხმება რკინიგზის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის თაობაზე, რომელშიც რუსული, ქართული, აფხაზური და სომხური მხარეები შევლენ, საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სუვერენიტეტს.


აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ის არ ეწინააღმდეგება რკინიგზის რეაბილიტაციას, თუმცა აფხაზეთის სახელმწიფო რკინიგზის ქონების საერთაშორისო კონსორციუმისთვის გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგია.


ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, მათ შორის კესოუ ხაგბამ, განაცხადა, რომ რკინიგზის პროექტის უკან აფხაზი და რუსი კრიმინალების ინტერესები დგას.


აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა განცხადებაში, რომ კონსორციუმის თაობაზე მოლაპარაკებები “კონსულტაციური ხასიათისაა“ და იურიდიულად სავალდებულო რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა ჯერ არ განხორციელებულა.


დე ფაქტო მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ პროცესი გამჭვირვალე და ღიაა საჯარო განხილვებისთვის.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version