დეპუტატს და მოსამართლეს გირგვლიანის პროცესზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ

3 ივლისს  სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვა ოპოზიციის ლიდერებს და მოსამართლეს, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს დაცვას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. 


სასამართლოს დარბაზში რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მათ შორის ახალი მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ მოსამართლე გიორგი ჩემიასთან და მას მიკერძოებაში დასდეს ბრალი. შედეგად, სასამართლომ გამყრელიძეს დარბაზის დატოვება მოსთხოვა.


სასამართლო დარბაზის გარეთ დაცვამ არ მისცა უფლება ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ჯგუფს, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წევრს თინა ხიდაშელს, შესულიყვნენ დარბაზში იმ მოტივით, რომ დარბაზი გადატვირთული იყო.


საქმესთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ თანამშრომელს 2006 წლის იანვარში სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ედებათ ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილები აღიარებენ, რომ მათ წაიყვანეს სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანაში და სცემეს ისინი, ისინი უარყოფენ, რომ მოკლეს გირგვლიანი.


მკვლელობის საქმე მას შემდეგ მოექცა ქართული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში, რაც ტელეკომპანია “იმედმა“ გაუშვა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი შესაძლოა პირდაპირ კავშირში ყოფილიყო მკვლელობის საქმესთან.


გირგვლიანის ოჯახისა და მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში შსს–ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, ვასილ სანოძეს, გურამ დონაძესა და ასევე შს მინისტრის მეუღლეს თაკო სალაყაიასაც მიუძღვით წვლილი. შესაძლოა მათ დაუკვეთეს მკვლელობა, მას შემდეგ რაც მსხვერპლმა გურამ დონაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.


ყველა ეს პირი, მათ შორის მინისტრის მეუღლე სასამართლომ 30 ივნისს დაკითხა. ისინი აცხადებენ, რომ მათ ვერ გაიგეს, თუ როგორ შეურაცხყო გირგვლიანმა დონაძე, რადგანაც გირგვლიანი სხვა მაგიდასთან იჯდა და კაფეში მუსიკა ძალიან ხმამაღლა უკრავდა.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პროკურატურა, რომელმაც საქმის გამოძიება აწარმოა, აცხადებენ, რომ ინციდენტი ეჭვმიტანილებსა და მსხვერპლს შორის კაფეს გარეთ სპონტანური შელაპარაკების შედეგი გახდა. თუმცა, კაფეს დაცვის უფროსმა, რომელიც ასევე დაკითხა სასამართლომ, გამორიცხა, რომ იმ დღეს კაფეს გარეთ რაიმე ჩხუბი ან ინციდენტი მოხდა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version