სააკაშვილი ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად ვაშინგტონში გაემგზავრა

დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც 5 ივლისს დაგეგმილია მისი აშშ–ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან შეხვედრა.

დაგეგმილია ასევე შეხვედრა აშშ–ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან.


წინასწარი ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარება და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები იქნება განხილული.


19 ივნისს თეთრი სახლი ასევე იუწყებოდა, რომ  პრეზიდენტები განიხილავენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას 2005 წლის მაისში ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტის შემდეგ, თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების სფეროში და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ერთობლივ ვალდებულებას იმუშავონ მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

აშშ–ში პრეზიდენტს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა და პრეზიდენტის მრჩეველი დანიელ ქუნინი.


თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუში–სააკაშვილის შეხვედრას, რომელიც 15–17 ივლისს სანკტ – პეტერბურგში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტის წინ იმართება.


საქართველოს პრეზიდენტი თბილისში 6 ივლისს დაბრუნდება.
     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version