ქართული მხარე მოსკოვი–ცხინვალის პირდაპირ კავშირებს აპროტესტებს

26 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებას გაუგზავნა ნოტა, სადაც გამოთქმულია აღშფოთება ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხარის ცალმხრივ, ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი ქმედებებსა და სეპარატისტულ ხელისუფლებასთან პირდაპირ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.


“ამას ადასტურებს როგორც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა –ალანიისა და ე.წ “სამხრეთ ოსეთის“ მთავრობების ერთობლივი სხდომები, ისე რუსეთის ფედერაციის მიერ ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება ეკონომიკური პროექტების ეუთოს გვერდის ავლით დაფინანსების განზრახვის შესახებ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 26 ივნისს გავრცელებულ ცნობაში.


ამ ქმედებებს თბილისი საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად აფასებს და რუსეთის მხარისგან მოითხოვს მსგავსი არ დაუშვას მომავალში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ამჟამად მოსკოვში იმყოფება და ავღანეთიდან ნარკოტიკების გატანის გზების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ამ ღონისძიების პარალელურად მერაბ ანთაძე ორმხრივ კონსულტაციებს გამართავს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებთან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version