ბუში სააკაშვილს ვაშინგტონში უმასპინძლებს

რუსეთის პრეზიდენტთან 13 ივნისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 5 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა და პრეზიდენტ ბუშს შეხვდება, სადაც სეპარატისტულ კონფლიქტებისა და დემოკრატიულ რეფორმების საკითხებს განიხილავს.


19 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან რეგიონში ძირითად მოკავშირეს და ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში ღირებულ პარტნიორს უწოდებს, აცხადებს რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას 2005 წლის მაისში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მცდელობებს, თანამშრომლობას ენერგოუსაფრთხოების სფეროში და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ერთობლივ ვალდებულებას იმუშავონ მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.      


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 ივნისს განაცხადა, რომ საქართველო გააძლიერებს თავის საერთაშორისო მცდელობებს ივლისის შუა რიცხვებში სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი დიდი რვიანის ლიდერების სამიტის წინ, რათა საქართველოს “ხმა კარგად იქნას წარმოდგენილი“.


“ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ვიზიტებს და კონსულტაციებს და არა მხოლოდ პრეზიდენტების დონეზე, არამედ ყველა დონეზე  – საგარეო საქმეთა მინისტრის, საელჩოების, პარლამენტარების და ყველა სხვა დონეზე“, – განუცხადა მან ტელეკომპანია “იმედს“, თან იქვე დასძინა, რომ “საქართველოს საკითხი“ აუცილებლად იქნება განხილული დიდი რვიანის სამიტზე.


“საქართველოს საკითხი არის მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ ეს არის საკითხი თავისუფლებისათვის მებრძოლი ერის მიმართ სამართლიანი მოპყრობისა, ეს არის საკითხი ძველი საბჭოთა მემკვიდრეობიდან მიღებული კონფლიქტების სამართლიანი მოგვარებისა, ეს არის საკითხი ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მდებარეობასთან, ჩვენი რეგიონის ენერგორესურსებთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


Washington Post-ი 19 ივნისს იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს და მოლდოვას საკითხი დიდი რვიანის სამიტის წინ, 29 ივნისს მოსკოვში დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ჩართონ, თუმცა წარმატების იმედი არ აქვთ რუსეთის წინააღმდეგობის გამო.


პრეზიდენტმა ბუშმა, რომელიც 21 ივნისს ვენაში აშშ-ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, 19 ივნისს ამერიკის სავაჭრო-საზღვაო აკადემიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის და ევროპის ვალდებულებაა დაეხმარონ სხვებს უზრუნველყონ თავისუფლება.


“ჩვენ ერთად ვასრულებთ ამ მოვალეობას საქართველოსა და უკრაინაში, სადაც ჩვენთან ერთად არის მამაცი ხალხი, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიული მონაპოვრის კონსოლიდაციისკენ“, – განაცხადა ბუშმა.


ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი 19 ივნისს სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდნენ.


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, მოლაპარაკებების შემდეგ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ მათ კონსტრუქციულ წინადადებებს მოუსმინეს.


ამავე ინფორმაციის თანახმად, ბრაიზამ განაცხადა, რომ თბილისის და სოხუმის წინადადებები ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ მხარეებს შორის შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა. მან აღნიშნა, რომ არსებობს კონფლიქტის მოგვარების პროცესში პროგრესის მიღწევის სურვილი როგორც თბილისში, ისე სოხუმში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version