აშშ-ს სურს საქართველო დიდი რვიანის სამიტის დღის წესრიგში ჩართოს

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ სურთ საქართველოს და მოლდოვას საკითხი დიდი რვიანის სამიტის წინ, 29 ივნისს მოსკოვში დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ჩართონ, თუმცა წარმატების იმედი არ აქვთ, იტყობინება Washington Post-ი 19 ივნისს.


“ჩვენ უმოქმედონი ვართ“, – აცხადებს ბრუს ჯექსონი, გარდამავალი დემოკრატიების პროექტის პრეზიდენტი, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს ბევრ ოფიციალურ პირთან აშშ-ს ადმინისტრაციაში.


“რუსეთი უფრო აგრესიულ, მოფიქრებულ თამაშს თამაშობს და გვჯობნიან ჩვენ“, – დასძინა მან.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 ივნისს ტელეკომპანია “იმედის“ საკვირაო გადაცემა “დროება“–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს დიდი რვიანის სამიტზე, რომელიც 15–17 ივლისს სანკტ–პეტერბურგში იგეგმება, “აუცილებლად“ განიხილავენ.


თუმცა, როგორც Washington Post-ის კომენტატორი ჯექსონ დილი წერს: “ქართველები და მოლდაველები დაინახავენ როგორ ადღეგრძელებენ პუტინს დასავლელი ლიდერები მაშინ, როცა რუსეთის მხრიდან მათი ექსპორტის აკრძალვა და მათ ქვეყნებში სეპარატიზმის მხარდაჭერა განხილვის მიღმა დარჩება“.


Washington Post-ი ასევე იტყობინება, რომ 8 ივნისს ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე “საფრანგეთმა და სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა უკუაგდეს აშშ-ს საუბარი საქართველოსთან “გაფართოებულ დიალოგზე“ ან უკრაინის წევრობის სამოქმედო გეგმაზე“.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია “იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა “საქართველოს დაუყონებლივ წევრობას“ ემხრობიან, არის “ორი ან სამი ნატოს წევრი სახელმწიფო“, რომლებიც თავს იკავებენ.


“ამრიგად, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ამ ქვეყნებთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version