თავდაცვის სამინისტრო ცხინვალის რეგიონის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართული მხარის მოთხოვნით 15 ივნისს ჩატარებული ერთობლივი (ქართული, რუსული, ოსური მხარეების და ეუთოს)  მონიტორინგის შედეგად ოთხი უკანონო შეიარაღებული ფორმირება იქნა აღმოჩენილი.


ორი მათგანი 8 და 15 ადამიანის შემადენლობით ოსურ სოფელ ზემო ფრისთან ახლოს იქნა აღმოჩენილი.


“8–კაციანმა ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებამ მონიტორინგის ჯგუფის წევრების მოთხოვნაზე წარედგინათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და მათი სამხედრო ან პოლიციის შენაერთი დაესახელებინათ კატეგორიული უარი განაცხადეს“, – იუწყება 16 ივნისს თავდაცვის სამინისტრო.


ასევე ფრისიდან ნახევარ კილომეტრში მონიტორინგის ჯგუფმა 30-მდე პირს მიაკვლია, რომლებიც “ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, ტყვიამფრქვევებით, სნაიპერის შაშხანებით და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებით იყვნენ შეიარაღებული“, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ  ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდნენ.


“თუმცა არანაირი პირადობის მოწმობები მათ არ წარმოუდგენიათ“, – იუწყება სამინისტრო.


მონიტორინგის ჯგუფმა დარღვევები აღმოაჩინა სოფელ ავნევშიც, სადაც ოსური მილიციის საგუშაგოს გადაადგილება უკანონოდ მოხდა.


თავდაცვის უწყება ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის მიმართ, რადგან მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.


“მარატ კულახმეტოვის დამოკიდებულება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში კეთილსინდისიერად არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მისიას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თბილისის ბრალდებებს წინ უძღოდა სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ 14 ივნისს გამოთქმული პროტესტი ქართული საგუშაგოს 900 მეტრით სოფელ ზემო ფრისისკენ გადაადგილების თაობაზე. ეს ქმედება, რომელიც კონფლიქტის ზონაში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალებთან შეუთანხმებელი იყო, ასევე დაგმო სამშვიდობოების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version