სეპარატისტები გაერთიანებას ქმნიან

დღეს, სოხუმში სამი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა სერგეი ბაღაფშმა, ედუარდ კოკოითმა და იგორ სმირნოვმა რუსი სამშვიდობოების შესახებ ერთობლივ განცხადებას და თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, იუწყება “აფსნიპრესი“. 


პირველი მათგანი მხარდაჭერას უცხადებს სამ თვითგამოცხადებულ რეგიონში მიმდინარე რუსულ სამშვიდობო ოპერაციებს, მაშინ როცა მეორე დოკუმენტი მოიცავს ამ რეგიონებს შორის მომავალი ურთიერთობების პრინციპებს.


ერთობლივ განცხადებაში სეპარატისტი ლიდერები მადლიერებას გამოხატავენ რუსეთის ფედერაციის მიმართ იმ სამშვიდობო მცდელობების გამო, რომელიც მიზნად ისახავს კავკასია–შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ხელმომწერები ასევე ირწმუნებიან, რომ რუსეთი უზრუნველყოფს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობის დაცვას.


“მხარეები მიუღებლად მიიჩნევენ არსებული სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტას კონფლიქტების საბოლოო მოწესრიგებმდე… არსებული სამშვიდობო ფორმატის შეცვლა, მათ შორის მესამე ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინების გარეშე გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს და მთლიანი პასუხისმგებლობა ამაზე საქართველოსა და მოლდოვას დაეკისრება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


მხარეებმა ასევე გადაწყვიტეს ჩამოაყალიბონ ერთობლივი სამშვიდობო ძალები, რომელიც აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში სიტუაციის შესაძლო გაუარესების შემთხვევაში გამოიყენება.

ერთობლივ განცხადებაში სამი ლიდერი ასევე “დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის” თანამეგობრობის დაფუძნების შესახებ აკეთებს განაცხადს.


განცხადების თანახმად, ამ თანამეგობრობის ძირითადი ამოცანებია:
• აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის საერთაშორისო აღიარება;
• საერთო ამოცანების მხოლოდ მშვიდობიანი გზით და პოლიტიკური მეთოდებით მიღწევა ურთიერთხელსაყრელი და თანაბარი თანამშრომლობის, კონტრუქციული პარტნიორობის საფუძველზე;
• ერის ნების უზენაესობა საერთო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას და სუვერენიტეტის პრინციპებსა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის დაუშვებლობა პოლიტიკური მოგვარების შესახებ დიალოგის დროს;
• დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და გაძლიერება;
• ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილების, რასის, კულტურული და ენობრივი კუთვნილების და ასევე იმ ქვეყნის სტატუსისა, სადაც ცხოვრობენ;
• ეკონომიკის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
• აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მაცხოვრებელთა კულტურული, ეროვნული და ტერიტორიული იდენტობის დაცვა და განვითარება.


ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ თანამეგობრობა არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ.


“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და მისწრაფებები დადებით გავლენას მოახდენს საერთო მსოფლიო პროცესების დინამიკასა და რეგიონალურ პროცესებზე და ძალიან ფართო მხარდაჭერას მოიპოვებენ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version